Sun Sun

საზოგადოების დაინტერესება და ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით მეტად საგულისხმო ფაქტორია ამ სფეროს განვითარებისათვის. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტების ფარგლებში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ  მიმართულებით.

  • საქართველოში პირველად ჩატარდა „ადრეულ ასაკში განათლებისა და განვითარების კვირეული“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეული განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები გაიმართა თბილისსა და რეგიონებში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვები, მშობლები, საბავშვო ბაღის დირექტორები და მასწავლებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები;
  • შეიქმნა სატელევიზიო სოციალური სარეკლამო რგოლი ბავშვის განვითარების ხელშეწყობასა და პოზიტიურ აღზრდასთან დაკავშირებით. აღნიშნული სოციალური რეკლამა სატელევიზიო სივრცეში განთავსდა 2012 წლის სექტემბერში;
  • შეიქმნა და ეთნიკური უმცირესობების ენებზე ითარგმნა საინფორმაციო ბუკლეტები: „პოზიტიური ურთიერთობა ბავშვებსა და უფროსებს შორის“, „ბავშვის განვითარება ადრეულ ასაკში“, „სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა.“ ბუკლეტები დარიგდა “ადრეულ ასაკში განათლებისა და განვითარების კვირეულის” ფარგლებში და გადაეცა საქართველოს მასშტაბით თითოეულ სახელმწიფო ბაღს;
  • 2012 წლის განმავლობაში ადრეულ ასაკში განათლებასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები გაშუქდა სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო-გადაცემაში.


კონტაქტი Powered By:Innovative Systems Management